როგორ მოვიფიქროთ და განვავითაროთ ბიზნეს იდეა?

როგორ მოვიფიქროთ და განვავითაროთ ბიზნეს იდეა?

რამდენჯერ გიფიქრიათ მარტივ და თან წარმატებულ ბიზნესზე, რომ მსგავსი ბიზნეს იდეის ავტორი შეიძლებოდა თავადაც ყოფლიყავით? თუმცა, რატომღაც, უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბიზნეს იდეები სხვების თავებში იბადება და ჩვენ მხოლოდ დამკვირვებლის როლი გვერგება. ამ სტატიაში ვეცდებით შემოგთავაზოთ გზები, თუ როგორ მოიფიქროთ და განავითაროთ ბიზნეს იდეა.

ახალი ბიზნეს იდეის პოვნის, განვითარებისა და მისი პოტენციალის განსაზღვრისთვის არსებობს ოთხი გზა:

  • იპოვეთ ბაზრის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები;
  • შექმენით პრობლემის განსხვავებული გადაწყვეტა;
  • მოირგეთ „ეშმაკის ადვოკატის“ როლი;
  • მიიღეთ უკუკავშირი ბაზრისგან.

მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი, რათა უფრო გასაგები გახდეს, თუ რას ვგულისხმობთ.

1. იპოვეთ ბაზრის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები

აუცილებელი არაა, თქვენი ბიზნეს იდეა რევოლუციური კონცეფციის იყოს. ძირითადად საუკეთესო იდეები უკვე არსებული პროდუქტის/მომსახურების გაუმჯობესებას ეხება, სადაც  ბაზარი და მიწოდების ჯაჭვი კარგადაა დანერგილი, პროდუქტის განვითარების რისკები დაბალია და მომხმარებელთა მზაობა ახალი პროდუქტის სარგებლიანობის მისაღებად, მაღალი.

ყველა ბიზნეს შესაძლებლობის შუაგულში მომხმარებელია. იმისათვის, რომ თქვენს პროდუქტში ფული გადაიხადონ, ის კონკურენტებზე უკეთეს გადაწყვეტას უნდა სთავაზობდეს მათ. შესაბამისად, ბიზნეს შესაძლებლობების მოსაძებნად პირველი ნაბიჯი მომხმარებელთა ისეთი სურვილების იდენტიფიცირებაა, რომელთა გადაწყევტა ან არ არსებობს ან მათთვის არ არის ხელმისაწვდომი.

თქვენი სამუშაო გარემო და პირადი ცხოვრება არის სწორედ ის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მიაგნოთ ბაზრის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს. შეიძლება სამსახურში თქვენ, ან თქვენს თანამშრომელს გიწევთ მომხმარებლების საყვედურებთან გამკლავება, ან თავად ხართ რამე მომსახურებით/პროდუქტით უკმაყოფილო?

2. შექმენით პრობლემის სხვებისგან განსხვავებული გადაწყვეტა

ბაზრის დაუკმაყოფილებელი საჭიროების პოვნის შემდეგ, აუცილებელია მოიფიქროთ თუ როგორ აპირებთ პრობლემის მოგვარებას. განსხვავებული გადაწყვეტის იდეა შეიძლება დაგებადოთ საკუთარი კრეატიულობის, გამოცდილების, ან იმის ცოდნით, თუ სად იპოვოთ საჭირო კრეატიულობა ან გამოცდლება. არ არის აუცილებელი რამე „ზებუნებრივი ნიჭი“ გაგაჩნდეთ, უბრალოდ მთავარია დაიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე, ან ეს იდეა გააცნოთ მათ, ვისაც შესაძლოა სპეციფიკური ცოდნა ჰქონდეთ.

3. მოირგეთ „ეშმაკის ადვოკატის“ როლი

შეიძლება ბაზრის არა ერთ, არამედ რამდენიმე დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებას წააწყდეთ, ამ შემთხვევაში საჭიროა გადაარჩიოთ ისინი და დატოვოთ მხოლოდ თქვენთვის რელევანტური ვარიანტები.

პირველ რიგში, გამოაკლდება ის ვერსიები, სადაც განსხვავებულ გადაწყვეტას ვერ მოიფიქრებთ. დარჩენილებთან მიმართებით კი ეცადეთ „ეშმაკის ადვოკატის“ როლის მორგება, კრიტიკული თვალით შეხედეთ თითოეულ მათგანს. დასვით კითხვები შემდეგი ოთხი მიმართულებით – პროდუქტი, გუნდი, ბაზარი და ფული. მაგალითად:

  • რა არის პროდუქტი, როგორია ბიზნეს მოდელი, რა იქნება გასაყიდი ფასი?
  • მაქვს თუ არა მე შესაფერისი ცოდნა უნარები და გამოცდილება ამ ბიზნესის სამართავად ან შემიძლია თუ არა საჭირო ხალხის მოზიდვა ბიზნესის წარმატებისთვის?
  • რა ზომისაა ბაზარი, როგორ ვაპირებ ბაზარზე შესვლას?
  • რა ოდენობის კაპიტალი დამჭირდება, რომ ბიზნესი თვითკმარი გახდეს ან რეალურად რამდენად მომგებიანი იქნება?

მოძებნეთ კონკურენტი პროდუქტები, რომლებიც ჰგავს თქვენს გადაწყვეტას. თუ იპოვით მსგავსს – ერ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემაა – შეიძლება ბაზარი იმდენად დიდი იყოს, რომ დაიტიოს რამდენიმე მსგავსი პროდუქტი. თუმცა თუ აღმოაჩენთ, რომ კონკურენტ კომპანიას საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ მისდის, მაშინ ეს შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს, რომ ეს იდეა არც თუ ისე მომგებიანია. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტი პროდუქტი თქენსაზე უკეთესი აღმოჩნდა, მაშინ უბრალოდ ამოიღეთ ეს იდეა სიიდან.

ასევე, გირჩევთ, შეადგინოთ ფინანსური მოდელის მარტივი ვერსია და თუ დიდ მოგებას ვერ შენიშნავთ, უბრალოდ სხვა იდეაზე გადადით, ვინაიდან ფინანსური მოდელის გამარტივებულ ვერსიასთან შედარებით დეტალური გაცილებით უარესად გამოიყურება ხოლმე.

ასევე, გაითვალისწინეთ ზოგიერთი თქვენი მეგობრის, ოჯახის წევრის ან კოლეგის აზრები და რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ბიზნეს წამოწყებას ირგვლივ მყოფი პირებიც უჭერდნენ მხარს.

4. მიიღეთ უკუკავშირი ბაზრისაგან.

თუ ბოლო ეტაპამდე მოხვედით და კვლავ თვლით, რომ თქვენი ბიზნეს იდეა წარმატებული იქნება, მაშინ დროა ეს იდეა ბაზარზე მყოფ გამოცდილ ხალხს გაუზიაროთ და მოისმინოთ მათი აზრი თქვენს კონცეფციაზე. თქვენ გჭირდებათ პოტენციური მომხმარებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიების აზრი, რათა გაიგოთ იყიდიან თუ არა თქვენს პროდუქტს და რამდენად მისაღები იქნება შეთავაზებული ფასი. ასევე, კარგი იქნება, თუ დაიქირავებთ ინდუსტრიის კონსულტანტებს და ჰკითხავთ რეკომენდაციებს. ამით ასევე შესაძლოა შეიძინოთ ახალი კონტაქტები და სამომავლოდ გუნდის წევრებიც კი.

თუმცა, თუ თქვენ სრულიად ახალ პროდუქტს ქმნით, რომლის მსგავსიც ბაზარზე არ არსებობს, მაგალითად როგორიც იყო კომპიუტერი 70-იან წლებში, ამ შემთხვევაში ბაზრისაგან სასარგებლო უკუკავშირის მიღება ნამდვილად გაგიჭირდებათ.