როგორ დავაკორექტიროთ შემოსავლები ფინანსური დიუ დილიჯენსის დროს

როგორ დავაკორექტიროთ შემოსავლები ფინანსური დიუ დილიჯენსის დროს

მომავალი განუსაზღვრელობითაა სავსე, ახალ ბიზნეს გარიგებაში შესვლის წინ ვერაფერი მოგცემთ წარმატების გარანტიას, თუმცა ფინანსური დიუ დილიჯენსი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შესაძლოა მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველიც კი გახდეს. გარდა გადაწყვეტილების მიღებისა ფინანსური დიუ დილიჯენსი გარიგების ფასის განსაზღვრის გავრცელებული პრაქტიკაა. ამ სტატიაში გაგაცნობთ შემოსავლების კორექტირების მიდგომას სამიზნე საწარმოს ფასის განსაზღვრის პროცესში.

შეფასების ერთ-ერთი გავრცელებული მოდელია Multiples Approach (გამრავლების მიდგომა). ეს მოდელი საწარმოს ან კაპიტალის ღირებულებას ითვლის კომპანიის კონკრეტული ფინანსური მაჩვენებლის (მაგ.: EBITDA) გამრავლებით ინდუსტრიის მაჩვენებელზე (მაგ.: მოსალოდნელი ზრდის კოეფიციენტი). ვინაიდან ხშირად, საწარმოს ღირებულება მიიღება კორექტირებული EBITDA-ს მეშვეობით, ბიზნესის შემოსავლების საფუძვლიანი ანალიზი და კორექტირება დიუ დილიჯენს ანალიზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, თუ რა არის ჯანსაღი და მდგრადი შემოსავლების დონე, რათა უზრუნველვყოთ გამრავლების მეთოდით მიღებული ტრანზაქციის ფასის სამართლიანობა. მონაცემები გულდასმით უნდა დავაკორექტიროთ, ვინაიდან EBITDA-ს  არამატერიალურმა ცვლილებამ შესაძლოა საკმაოდ დიდი  სხვაობა მოგვცეს საწარმოს ღირებულებაში. მაგალითად, თუ ფასის განსასაზღვრად ვიყენებთ 10 X EBITDA-ს მიდგომას, მაშინ 100 ათასი ლარის კორექტირება ნიშნავს 1 მილიონი ლარის ცვლილებას გარიგების ფასში, რაც დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი ეფექტია.

ქვემოთ მოცემულია შემოსავლის კორექტირების გავრცელებული შემთხვევები, რასაც შესაძლოა თქვენი ანალიზის დროს გადააწყდეთ:

ტრანზაქციის ტიპი:კომენტარი:
ტრანზაქციები დაკავშირებულ მხარესთანყურადღებით იყავით დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებულ ტრანზაქციებთან
შეწყვეტილი ოპერაციებიდააკორექტირეთ რელევანტური შემოსავლები და ხარჯები
ერთჯერადი/არაგანმეორებადი ტრანზაქციებიდააკორექტირეთ, თუ ტრანზაქცია დაკავშირებული არ არის ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობასთან და ნაკლებ სავარაუდოა მისი განმეორება ყოველწლიურად
პოტენციური შემოსავლიანობის დონედააკორექტირეთ, როდესაც ხდება ახალი პროდუქტის გამოშვება, ახალი კომპანიის შესყიდვა, ახალ ბაზრებზე შესვლა,  გარემო პირობის მნიშვნელოვანი ცვლილებებია და სხვა.
ტრანზაქციები, რომლებიც არ უკავშირდება მიმდინარე წელსგაითვალისწინეთ ე.წ. cut-off-ები.

მოდი, დეტალურად განვიხილოთ კორექტირების რეალური მაგალითები, რომლებსაც ჩვენს პრაქტიკაში შევხვედრივართ.

  1. 2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის შედეგად სარესტორნო ქსელი, რომელიც სამ ობიექტს ამუშავებდა, იძულებული გახდა დაეკეტა ერთი ობიექტი და დროებით შეეწყვიტა მეორე ობიექტის ოპერირება. 2020 ფინანსური წლისთვის კომპანიის შედეგებია:
    • შემოსავალი წლის ბოლოს – 2.3 მილიონი ლარი.
    • დახურული ობიექტის შემოსავალი წლის ბოლოს – 320 ათასი ლარი.
    • დროებით დახურული ფილიალის შემოსავალი წლის ბოლოს – 600 ათასი ლარი.

ცხადია, ანალიზის მიზნებისთვის დახურული ობიექტის შედეგები უნდა გამოვრიცხოთ კომპანიის ჯამური შემოსავალიდან და შევამციროთ 320 ათასი ლარით.

რაც შეეხება დროებით დახურულ ობიექტს, ამ შემთხვევაში საჭიროა, გავეცნოთ მენეჯმენტის მოლოდინებს, შევაფასოთ პანდემიური სიტუაცია და სხვა გარემო ტენდენციებიდა და გავაკეთოთ პროგნოზი საერთოდ გაიხსნება თუ არა ობიექტი, რა პერიოდის განმავლობაში იქნება მისი ოპერირება შეჩერებული და გადაწყვეტილება მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მივიღოთ. თუ მოლოდინი გვაქვს, რომ ობიექტი 2021 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება, არარელევანტურია კალკულაციისას მისი შედეგების ამოღება.

ამრიგად, კორექტირების შედეგად კომპანიის შემოსავალი ტოლია 1.98 მილიონი ლარის 2.3 მილიონი ლარის ნაცვლად.

  1. მეორე მაგალითი ეხება კომპანიას, რომელიც აწარმოებს და ყიდის ხის სათამაშოებს საქართველოში. ერთი ცალი პროდუქტის ფასი საშუალოდ 75 ლარის ტოლია. წლის განმავლობაში პროდუქციის ნაწილი (6,000 ცალი) გაიყიდა მშობელ კომპანიაზე ცალი143 ლარად.

აქ გვაქვს დაკავშირებულ საწარმოსთან არა საბაზრო ფასით შესრულებული ტრანზაქცია, რომლის შედეგიც შვილობილი კომპანიის 408 ათასი ლარით (6,000 X (143-75)) გადაჭარბებული შემოსავალია , შესაბამისად იგივე თანხითაა გაბერილი EBITDA. ამ შემთხვევაში საჭიროა, შევამციროთ შვილობილი კომპანიის შემოსავალი. თუმცა, აქვე უნდა დავინტერესდეთ ტრანზაქციის მიზნობრიობით. რამდენად წარმოადგენს ორ კომპანიას შორის ამგვარი ვაჭრობა ნორმალურ ბიზნეს ოპერაციას, თუ საქმე გვაქვს ერთჯერად ტრანზაქციასთან, რომლის მიზანიც გარიგების ფასის სასურველ ნიშნულამდე გაზრდაა?

  1. მესამე მაგალითი ეხება ღვინის ქარხანასა და სასტუმროს თელავში. ღვინის ბიზნესის გაფართოების მიზნით, კომპანიის მფლობელებმა სასტუმროს გაყიდვა გადაწყვიტეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი განსხვავებული ბიზნესი. სასტუმროს ბიზნესის ფასის განსაზღვრისთვის, პირველ რიგში საჭიროა მათი ორი ბიზნესის შემოსავლების სწორად განცალკევება.
  2. შემდეგი მაგალითი მეფრივნელეობის ფერმას ეხება, რომელმაც 2020 წელს გავრცელებული დაავადების გამო დაკარგა ფრინველების 50%, რის შედეგადაც მათთვის განკუთვნილი საკვები რეზერვი გაიყიდა 30 ათას ლარად. მიღებული თანხა კი შემოსავალად აღირიცხა. გამომდინარე იქიდან, რომ ფრინველის საკვები პროდუქტით ვაჭრობა არ წარმოადგენს ბიზნესის ძირითად საქმიანობას და საეჭვოა, რომ მსგავსი ტრანზაქცია ყოველწლიურად განმეორდეს, საჭიროა შემოსავალის შემცირება აღნიშნულით თანხით.
  3. ცნობილმა ქართულმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ახალ წელს 25 ათასი ლარის პროდუქცია საჩუქრად გაუგზავნა თავის კორპორაციულ კლინტებს. 25 ათასი ლარის უფასო მიწოდება საგდასახადო მიზნებისთვის აღირიცხა როგორც შემოსავალი. სწორი კორექტირების შედეგად, 10 X EBITDA მიდგომით 250 ათასი ლარი ჩამოიჭრა გარიგების მთლიანი ღირებულებიდან.

იმედი გვაქვს ამ სტატიის წაკითხვამ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ შემოსავლების კორექტირების მიდგომის შესახებ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს.