რჩევები GITA-ს 100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით

რჩევები GITA-ს 100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით

თუ თანადაფინანსების გრანტის მოპოვება გსურთ, გირჩევთ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხოთ და გაეცნოთ აპლიკაციის შევსების პროცესშივე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 1-ელ ივლისს უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა გრანტის მოპოვების მსურველთა რაოდენობა, კონკურენცია საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თქვენი სტარტაპ პროექტი გამორჩეული და კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფი იყოს. პროექტების უმეტესი ნაწილი ტექნიკური შემოწმების და ხარისხობრივი შეფასების ეტაპებზე გადაირჩევა, ამიტომ აუცილებელია პროექტი, როგორც ტექნიკურად, ასევე შინაარსობრივად გამართული იყოს.

იმისათვის, რომ თქვენი სტარტაპ იდეა კონკურსს გარეთ არ დარჩეს, გირჩევთ კარგად გაანალიზოთ და გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

წინასწარი შეფასების სტადიაზე განცხადებები ფასდება 5 კრიტერიუმის მიხედვით, რომელთაც განსხვავებული წონა აქვთ მინიჭებული.

პირველი კრიტერიუმი არის გუნდი, რომლის შეფასების წონაც 20%-ია. ინვესტორები საჭიროა დარწმუნდნენ, რომ სწორედ თქვენ ხართ კონკრეტული იდეის განმახორციელებელი საუკეთესო გუნდი და არა სხვა, რომელსაც შეიძლება ზუსტად იგივე იდეა ჰქონდეთ. ამისათვის გაითვალისწინეთ, რომ

  • გუნდი არ უნდა შედგებოდეს ერთი ადამიანისგან, აუცილებელია გუნდში იყოს რამდენიმე პირი. არ იფიქროთ, რომ ჯერ მოიპოვებთ დაფინანსებას და შემდეგ დააკომპლექტებთ გუნდს, მხოლოდ ერთი ადამიანის შექმნილი სტარტაპი არ მოხვედრილა 40 ფინალისტს შორის.
  • მნიშვნელოვანია გუნდში იყვნენ პირები ანტრეპრენული ან კორპორაციული გამოცდილებით. სტარტაპის გლობალურ მასშტაბებზე გასვლას საკმაო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ ეცადეთ გუნდი ამ საჭიროების მიხედვით დააკომპლექტოთ.

მეორე კრიტერიუმს წარმოადგენს ბაზრის მოცულობა/მასშტაბი, რომელსაც სხვა კრიტერიუმებთან შედარებით ყველაზე მეტი წონა – 30% აქვს. ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად საჭიროა:

  • სტარტაპს ჰქონდეს გლობალური პოტენციალი. პროექტი შეიძლება ინოვაციური იყოს ლოკალური ბაზრისთვის, თუმცა საერთაშორისო მასშტაბით არა.  მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროექტები დასაფინანსებლად არ განიხილება.
  • სტარტაპს ჩამოყალიბებული ჰქონდეს თუ რა პრობლემას აგვარებს, რამდენად გლობალურად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება და ვის ეხმარება.

მესამე კრიტერიუმია დრო/შემოსავალი, რომლის წონაც 10%-ია. ამ საკითხის დასაკმაყოფიებლად, ეცადეთ პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:

  • რამდენად სწორი დროა საქმიანობის დასაწყებად?
  • იდეის/კონცეპტის დონეზე იმყოფება სტარტაპი თუ არსებობს პროდუქტი, რომელსაც უკვე ჰყავს მომხმარებელი?

თუ თქვენი სტარტაპი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, მთავარია ძალიან კარგად გქონდეთ გამართული კონცეფცია და ყველა სხვა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, ამ შემთხვევაში მასაც თანაბარი შანსი ექნება დაფინანსებისა და ხელშეწყობისათვის.

მეოთხე კრიტერიუმი ეხება კონკურენტულ უპირატესობას და მისი წონა 25%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში დაფიქრდით თუ რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი პროდუქტი გლობალურ მასშტაბზე.

  • შეიძლება პროდუქტი არ იყოს უნიკალური, თუმცა საშუალება ჰქონდეს ძლიერი კონკურენცია გაუწიოს გლობალურ ბაზარზე არსებულ პროდუქტებს. ამასთანავე, სტარტაპს იდენტიფიცირებული უნდა ჰყავდეს მისი პოტენციური კონკურენტები ადგილობრივი და გლობალური მასშტაბით.
  • შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას „ნოუ-ჰაუ“ და ეს იყოს გლობალურად კონკურენტუნარიანი.

ბოლო კრიტერიუმით განსაზღვრულია პროდუქტი/ტექნოლოგია და მისი წილი 15%-ია. მსგავსი გრანტებით მხოლოდ ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპები ფინანსდება, ამიტომ ამ ეტაპზე უნდა შეაფასოთ თუ რამდენად ინოვაციური ან ტექნოლოგიურია თქვენი პროდუქტი და არსებობს ან შეიძლება პატენტის შექმნა.

აქვე, საჭიროა განვმარტოთ ინოვაცია, რათა დაგეხმაროთ მის უკეთ გააზრებაში. ტერმინი ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში შემდგენაირადაა განმარტებული:

  • ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება.

ტერმინის განმარტებით ვიგებთ, რომ აუცილებელი არაა თქვენი პროდუქტი/სერვისი უნიკალური ან ახალი იყოს, უბრალოდ საჭიროა ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყოს არსებული ვარიანტებისაგან.

ვფიქრობთ, ზემოთ განხილული კრიტერიუმებსა და რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, გრანტის მოპოვების შანსები გაიზრდება. გისურვებთ წარმატებებს!